Home » შინაგანწესი

შინაგანწესი

შინაგანაწესი 2016/2017 სასწავლო წელი

მუხლი 1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი:
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განხორციელდება 2016-2017 წლის სასკოლო-სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს ესგ-ს შედეგებისა და სკოლის სპეციფიკური მიზნების მიღწევას. სასწავლო-სასკოლო გეგმის ბოლო ვერსია დამტკიცდეს სწავლის დაწყებამდე 10 დღით ადრე.
მუხლი 2. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის წესი:
კლასში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაცია. მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 მოსწავლეს.
1. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 14 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.
2. სკოლაში შეიძლება ჩაირიცხოს აღსაზრდელი:
ა) სკოლასა და აღსაზრდელის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის უნდა დაიდოს წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
3. სკოლაში მიიღებიან ბავშვები:
ა) რომელთა მშობლები არიან სკოლის თანამშრომლები;
ბ) რომელთა უფროსი და-ძმა სწავლობს სკოლის სხვადასხვა კლასებში;
გ) რომლებსაც რეკომენდაციას აძლევს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ღვთისმსახურები.
4. პირველ კლასში ჩასარიცხად მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:
ა) განაცხადი სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი (2 ცალი), მოსწავლის პირადი
ნომერი;
გ) ფოტოსურათი 3/4, 2 ცალი;

5. სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეებისათვის ემატება:
ა) პირადი საქმე, პირადი ნომერი, ბრძანების ამონაწერი სიიდან მოსწავლის ამორიცხვის შესახებ; თუ სასწავლო წლის მიმდინარეობისას ხდება გადმოყვანა – ნიშნების ფურცელი და გაცდენების აღრიცხვა;
ბ) დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული შეფასება და გაცდენები ყველა საგანში.
მუხლი 3. სასწავლო კვირა, არდადეგები და უქმე დღეები:
1. სასწავლო კვირის ხანგრძლივობა ხუთი დღე – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
2. სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს.
3. სასწავლო წლის განმავლობაში შემოღებულია საშობაო და სააღდგომო არდადეგები; სწავლა არ მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, აგრეთვე რიგ საეკლესიო დღესასწაულებზე (ეპარქიის – ალავერდობის დღესასწაულები – 26, 27, 28 სექტემბერი)
4. უქმე დღეების კალენდარი ცხადდება ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში 7 სექტემბერს.
მუხლი 4. სკოლის ადმინისტრაცია:
სკოლას მართავს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც შედგება დირექტორისაგან, / დირექტორის მინდობილი პირისგან / დირექტორის მოადგილისაგან, სასწავლო პროცესის ხელმძღვანელისაგან, სკოლის მოძღვრისაგან/მოძღვრებისაგან, სამეურნეო-საინჟინრო ნაწილის გამგისა, ბუღალტრისა, ისტ მენეჯერისა და საქმისმწარმოებლისაგან.
1. სკოლის ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. სკოლის ადმინისტრაცია:
ა) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და გადაწყვეტილებების აღრიცხვას;
გ) ახორციელებს სკოლის წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. სკოლის მოძღვარი
1. სკოლის მოძღვარი შეიძლება იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი, სკოლას შეიძლება ჰყავდეს რამოდენიმე მოძღვარი.
2. სკოლის მოძღვარს ნიშნავს/ათავისუფლებს:
ა) ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარი
3. სკოლის მოძღვარი უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაბამისობას მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასთან.
4. სკოლის მოძღვარი პასუხისმგებელია სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სულიერ მდგომარეობაზე. ის აღასრულებს სკოლისათვის ღვთისმსახურებას. აბარებს ანგარიშს ეპარქიის მმართველს/სკოლის დამფუძნებელს სკოლის შემადგენლობის სულიერი მდგომარეობის შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სკოლის მოძღვრის/მოძღვრების გადაწყვეტილებას, ის უფლებამოსილია საკითხი განსახილველად გადასცეს ეპარქიის მმართველს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
მუხლი 6. სკოლის პედაგოგთა საერთო კრება:
1. სკოლის პედაგოგთა საერთო კრება შედგება სკოლის ყველა პედაგოგისაგან. კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება სკოლის პედაგოგთა არანაკლებ 2/3-სა;
2. სკოლის პედაგოგთა საერთო კრება ტარდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. კრებას იწვევს და ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი.
3. პედაგოგთა რიგგარეშე კრება შეიძლება მოწვეულ იქნას დირექტორის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური საბჭოს და სკოლის პედაგოგთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით;
4. ირჩევს წარმომადგებლებს პედაგოგიურ საბჭოში. აფასებს პედაგოგიური საბჭოს მუშაობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ვადამდე გაიწვევს თავის წარმომადგენლებს პედაგოგიური საბჭოდან;
5. ისმენს პედაგოგიურ საბჭოში თავის წარმომადგენლების ანგარიშს;
6. განიხილავს სკოლაში არსებულ მდგომარეობას და თავის რეკომენდაციებს წარუდგენს ადმინისტაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.
მუხლი 7. სკოლის პედაგოგიური საბჭო:
1. სკოლის პედაგოგიური საბჭო არის პედაგოგთა საერთო კრების მმართველი და სკოლის დირექტორის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით;
2. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა ორ თვეში ერთხელ მაინც. სხდომებს იწვევს და უძღვება სკოლის დირექტორი. პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა დირექტორის ან პედაგოგიური საბჭოს ინიციატივით;
3. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრების მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს სკოლის პედაგოგთა 1/5;
4. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორსა და ნებისმიერ პედაგოგს;
5. არჩევნები ტარდება როგორც წესი, ფარული კენჭისყრით;
6. პედაგოგიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო სააღმზრდელო და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს მოსწავლეთა ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის წესები;
გ) უფლებამოსილია აირჩიოს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოებს შორის მეთოდგაერთიანების/კათედრის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
დ) განიხილავს სკოლაში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებს და საჩივრებს და წარუდგენს თავის წინადადებებს დირექტორს;
ე) შეფასებას აძლევს პედაგოგთა და მოსწავლეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ვ) ასრულებს წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შიდაკონტროლის წესი და
განხორციელების ფორმები:
1. გაკვეთილზე დასწრება;
2. დოკუმენტაციის შემოწმება;
3. შიდასასკოლო წერების ჩატარება;
4. ტესტირებების ჩატარება;
5. ანკეტური გამოკითხვა;
6. გასაუბრება მოსწავლეებთან;
7. სასწავლო პროცესის შემდეგი მიმართულებების მონიტორინგი:
ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;
ბ) მასწავლებელთა საქმიანობის კანონიერება;
გ) მასწავლებელთა საქმიანობის მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა;
დ) მასწავლებელთა და მოსწავლეთა საშემსრულებლო დისციპლინა;
ე) მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კულტურა;
ვ) მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლა.
მუხლი 9. სკოლის მეთოდგაერთიანება/კათედრა
მეთოდგაერთიანების/კათედრის თავმჯდომარე
მეთოდგაერთიანების/კათედრის ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
ბ) ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) სახელმძღვანელოების არჩევა. (თითოეული კლასის ყველა განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი);
დ) საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
ე) პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნების შესახებ.
ზ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.
მეთოდგაერთიანების/კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
მეთოდგაერთიანების/კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);
ბ) მეთოდგაერთიანების/კათედრის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის ადმინისტრაციისათვის;
გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა მოწყობა);
დ) საგნის სწავლებაში პროგრამული თუ თემატური სიახლეების დროულად დაყვანა მასწავლებლებამდე და თემატური გეგმების განხილვა;
ე) მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების განზოგადება, გავრცელება, დანერგვა;
ვ) ახალგაზრდა პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
ზ) მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ადგილზე. (შესაძლებლობის ფარგლებში) ღია გაკვეთილებისა და ურთიერთდასწრების, ღია კარის დღეებისა და გაკვეთილების ორგანიზება;
თ) ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში 7 სექტემბრამდე არჩეული სახელმძღვანელოების სიის გამოკვრა მშობელთათვის თვალსაჩინო ადგილას;
ი) სემესტრში მინიმუმ ორჯერ მეთოდგაერთიანების/კათედრის სხდომების ჩატარება.
მუხლი 10. დირექტორის მოადგილე
1. დირექტორის მოადგილე:
ა) კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა და თანამშრომელთა შორის დისციპლინის გამყარებას;
ბ) აწარმოებს კონტროლს დოკუმენტაციის წარმოებაზე;
გ) აკონტროლებს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, აანალიზებს ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას;
დ) ამტკიცებს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების გეგმებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ე) ხელმძღვანელობს სტუდიების, წრეების საქმიანობას;
ვ) აკონტროლებს კლასის ხელმძღვანელების (აღმზრდელების) მუშაობას, უზრუნველყოფს მათ მიერ სააღმზრდელო გეგმების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე შესრულებას. ამოწმებს მათ მიერ წარმოდგენილ წერილობით ანგარიშებს;
ზ) ხელმძღვანელობს „პირველი“ და „ბოლო“ ზარის ჩატარებას სათანადო დონეზე;
თ) ორგანიზაციას უკეთებს სკოლაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობას;
ი) უზრუნველყოფს მასწავლებელთა წვდომას მეთოდურ ლიტერატურასთან, ინტერნეტ რესურსებთან, განათლების სამინისტროს და სხვა საჭირო ვებ. გევრედებთან წვდომას;
კ) ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მეთოდურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მასწავლებლებს, ატარებს ღონისძიებებს მათი პედაგოგიური და მეთოდური დახელოვნების მიზნით.
მუხლი 11.
ა) სასწავლო პროცესის კოორდინატორი საბაზო-საშუალო საფეხურზე;
1. სასწავლო პროცესის კოორდინატორს ნიშნავს დირექტორი დამფუძნებელთან /მღვდელმთავართან შეთანხმებით;
2. ის არის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და პასუხისმგებელია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე;
3. სასწავლო პროცესის კოორდინატორი უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესს, ადგენს გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს მას. აწარმოებს ტაბელეს. ამოწმებს საკლასო ჟურნალებს;
4. ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის. ადგენს მოსწავლეთა რაოდენობას კლასების მიხედვით, აზუსტებს პედაგოგთა დატვირთვას. თვალყურს ადევნებს საკლასო ოთახების მომზადებას;
5. მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში. კოორდინაციას უწევს მეთოდგაერთიანების/კათედრის თავმჯდომარეების მუშაობას;
6. აწარმოებს შიდასასკოლო კონტროლს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების განხორციელებაზე;
7. კოორდინატორობს გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას. ადგენს საგამოცდო კომისიას და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად.
8. სასწავლო პროცესის კოორდინატორი ვადაზე ადრე შეიძლება გადაირჩიოს იმ ორგანომ, რომელმაც აირჩია იგი (პედაგოგთა საერთო კრებამ):
ა) სკოლის დამფუძნებლის წარდგინებით;
ბ) პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით, რომელსაც ადასტურებს სკოლის დირექტორი;
გ) საკუთარი ინიციატივით.
გადარჩევისათვის საჭიროა სხდომას ესწრებოდეს ამომრჩეველთა მინიმუმ 2/3. გადარჩევას ხმა უნდა მისცეს ამიომრჩეველთა ნახევარზე მეტმა.
ბ) სასწავლო პროცესის კოორდინატორი დაწყებით საფეხურზე;
• დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების ხარისხისა და სასწავლო პროცესის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების კოორდინირება – გაკვეთილების ცხრილი, შეფასების ფორმები, სკოლის გარეთ შემეცნებითი გასვლები, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებია და ა.შ;
• დაწყებით საფეხურზე სასწავლო გარემოს მონიტორინგი;
• დაწყებითი საფეხურიდან საბაზოზე გადასვლის სირთულეების დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავება ყოველი კლასისთვის ინდივიდუალურად;
• დაწყებითი საფეხურის სწავლებიდან საგნობრივ სწავლებაზე გადასვლის პერიოდში სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დადებითი და უარყოფითი ტენდენციების გამოვლენა კონკრეტული კლასისთვის / მონიტორინგი; სირთულეების დაძლევის სარეკომენდაციო გეგმის შემუშავება;

მშობლებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
პასუხისმგებლობები:

• სასწავლო წლის დასაწყისში სკოლასა და მშობელს / კანონიერ წარმომადგენელს შორის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების მართვა პირველ კლასში, შემდგომი კლასების ხელშეკრულებების დახარისხება, დაკომპლექტება და მშობლებისათვის სახელშეკრულებო პირობების კვლავ ახსნა ინდივიდუალურად და საერთო კრებაზე.
• მშობელთა კრებებზე დასწრება და ადმინისტრაციის საქმის ყურში ჩაყენება საკითხების, პრობლემების გადაწყვეტების შესახებ, გართულებული შემთხვევების გადაჭრის გზების მეთოდოლოგიების, სამუშაო გეგმის ერთობლივად დასახვა: ადმინისტრაცია, კლასის დამრიგებელი, მშობელი.
მუხლი 12. კლასის დამრიგებლის ფუნქციები:
1 იზრუნოს კლასის პორტფოლიოზე (თითოეული მოსწავლის პირადი საქმე, დახასიათება, აკადემიური მოსწრებისა და უნარ-ჩვევების შეფასება, ყოფაქცევის კონტროლი დაფიქსირებით);
2. შინაგანაწესის დამრღვევ მოსწავლეს გაფრთხილების მიცემისას ჩამოართვას ახსნა-განმარტება წერილობით, ხელმოწერით დამოწმებული;
3. სამუშაო დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს თავის კლასს, იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებასა და წესრიგზე, თვალყური ადევნოს მათ დასვენების დროს (აღმზრდელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას სკოლის შენობასა და ეზოში ბავშვების ყოფნისას დირექციის მიერ დადგენილი წესები, თვალყური ადევნოს ბავშვებს ყოველ დასვენებაზე);
4. აკადემიური ჩამორჩენის ან მოსწავლის ქცევის წესების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში აცნობოს მშობელს, მიმართოს სკოლის მოძღვარს და ადმინისტრაციას დახმარებისთვის, რათა დააზუსტოს და დროულად აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემები;
5. დღის მეორე ნახევარში გადააბაროს კლასი გახანგრძლივებულის პედაგოგს, მისცეს მითითებები და მოისმინოს წინა დღის ანგარიში;
6. ვალდებულია დაესწროს აღმზრდელთა კრებებს და წარმოადგინოს საქმიანობის მიმდინარე ანგარიში დირექტორთან;
7. სემესტრში ორჯერ მოაწყოს მშობელთა კრება, სადაც წარმოაჩენს ზოგადად სკოლას, კერძოდ კი, კლასის აღზრდა-განათლების ტექნიკა-სტრატეგიებს, პრიორიტეტებს. ისაუბროს ზოგადად მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და ყოფა-ქცევაზე; მოიწვიოს ძირითადი საგნის პედაგოგები;
8. დამატებითი კრების აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება შეათანხმოს დირექციასთან;
9. პერიოდულად შეამოწმოს აღსაზრდელთა კუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების მდგომარეობა;
10. ყოველ არასასწავლო დღეს დაგეგმილ ღონისძიებას გაუკეთოს სრული ორგანიზება. გახანგრძლივებულის პედაგოგთან ერთად უზრუნველყოს კლასის მოწესრიგებული და უსაფრთხო მონაწილეობა ღონისძიებაში;
11. იზრუნოს თავისი საკლასო ოთახის ინტერიერსა და კეთილმოწყობაზე;
12. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, უნდა შეთანხმდეს დირექციასთან.
მუხლი 13. საქმისმწარმოებელი:
საქმისმწარმოებელს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. ის აწარმოებს სკოლის საკანცელარიო საქმიანობას:
ა) მიმოწერას ზემდგომთან თუ სხვა ინსტანციებთან;
ბ) შემოსული და გასული ყველა ოფიციალური დოკუმენტის აღრიცხვას და დაყვანს ადრესატამდე;
გ) აწარმოებს სკოლის კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს;
დ) მოსწავლეთა და სკოლის მუშაკთა პირად საქმეებსა და შრომის წიგნაკებს, ახდენს მათში თითოეული ჩანაწერის დროულად გაკეთებას (ცვლილებების, დაჯილდოებებისა და სხვა);
ე) ინახავს საკლასო ჟურნალებს. აკადემიური მოსწრების უწყისებს;
ვ) ხელმძღვანელობს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;
მუხლი 14. საფინანსო განყოფილების გემგე/ბუღალტერი:
1. სკოლის საფინანსო განყოფილების გამგეს/ბუღალტერს ნიშნავს/ათავისუფლებს დირექტორი.
2. საფინანსო განყოფილების გამგე/ბუღალტერი აღრიცხავს სკოლის მთლიან უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ საბალანსო ღირებულებას.
3. ხელმძღვანელობს სკოლის ფინანსების ხარჯვას.
4. მონაწილეობს სასწავლო წლის დასაწყისში ტარიფიკაციის შედგენაში.
5. აწარმოებს ყოველთვიურად ხელფასების უწყისის შედგენასა და ხელფასის გაცემას, ინვენტარიზაციისა თუ სკოლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველ ყველა დოკუმენტს და წესრიგში მოჰყავს თითოეული მათგანი.
6. ამუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საფინანსო დისციპლინის დაცვას, მონაწილეობს სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნაში.
7. აკონტროლებს კანონის დაცვას, საგადასახადო და სააღრიცხვო ვალდებულებების დაცვას.
8. უზრუნველყოფს საბუღალტრო დოკუმენტაციის საიმედო დაცვას, მათ სათანადო გაფორმებას და დადგენილი წესით არქივში შენახვას.
მუხლი 15. სამეუნეო საინჟინრო ნაწილის გამგე:
სამეურნეო ნაწილის გამგეს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. სამეურნეო ნაწილის გამგე:
1. უზრუნველყოფს სკოლის სამეურნეო და საინჟინრო მომსახურებას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების დაცვას;
2. უწევს კონტროლს ელექტრო განათების, გათბობის, ვენტილაციის და სან.ტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას;
3. მონაწილეობს წარმოების ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთებაში, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას. ადგენს სამეურნეო ხარჯების ანგარიშს;
4. უზრუნველყოფს სკოლას ავეჯით, სამეურნეო ინვენტარით. აკონტროლებს მათ დაცვას და მიმდინარე შეკეთების დროულად ჩატარებას;
5. ხელმძღვანელობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, გამწვანებას, დასუფთავებას, ფასადის მოვლას და სხვა. უწევს ტექნიკურ მომსახურებას სკოლაში და მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას;
6. უწევს ზედამხედველობას სკოლის სახელით ერთობლივ საქმიანობას გარეშე ორგანიზაციებთან და სუბიექტებთან, ხელმძღვანელობს დაცვის სამსახურს, სატრანსპორტო მეურნეობას და კომუნალურ სამსახურს, უზრუნველყოფს სკოლას სათბობ-ენერგეტიკული რესურსით;
7. აწარმოებს წინასწარ გათვლებს საჭირო რესურსებზე, უკვეთავს მათ და მონაწილეობს სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებაში მომწოდებლებთან;
8. რეგულარულად ამოწმებს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარისმოვლის მდგომარეობას და დროდადრო უზრუნველყოფს მის შეკეთება-აღდგენას. ზედამხედველობს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას. იცავს სკოლის სახანძრო უსაფრთხოებას;
11. დროულად უზრუნველყოფს საწყობის სათავსოს მიმდინარე რემონტს, წესრიგში აქვს მოწყობილობანი, ინვენტარი. უზრუნველყოფს განათების ელექტრო-მოწყობილობების მომსახურებას.
12. აქტიურად მონაწილეობს ისეთ ღონისძიებათა გატარებაში, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის ეფექტურ გამოყენებას.
მუხლი 16. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ):
სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ძირითადი მიზანია:
1. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
2. ციფრული წიგნიერების განივითარებისათვის ხელშეწყობა;
3. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარება;
4. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
5. შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების განვითარება;
ამოცანები:
1. ლაბორატორიების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა
2. ლოკალური და გლობალური ქსელის ფუნქციონირება;
3. საჭირო სხვა ტექნიკისა და ინვენტარის უზრუნველყოფა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერის უფლება-მოვალეობები:
1. სკოლისათვის საჭირო ისტ ინფრასტრუქტურის განსაზღვრა და მისი განვითარება;
2. სკოლის ინფორმაციული სისტემის განვითარების კოორდინირება, ვებ-გვერდის ადმინისტრირება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების მართვის სისტემების სრულყოფა;
3. სკოლის მიერ ისტ-რესურსების ეფექტურად გამოყენების დაგეგმვა, კომპიუტერული ლაბორატორიის მუშაობის განრიგის შემუშავება.
მუხლი 17. სკოლის ბიბლიოთეკარი:
ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის ფუნქციაა ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:
ა) მკითხველთა სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციით;
ბ) ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
მისი საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია: მკითხველთა თანასწორუფლებიანობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა, ოპერატიულობა.
1. სკოლის ბიბლიოთეკიარს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
2. ბიბლიოთეკარი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს სამუშაო გეგმას.
3. ბიბლიოთეკარი დახმარებას უწევს მასწავლებლებს მოსწავლეთა კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციაში. ეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება- განმტკიცებაში; აჩვევს მათ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობას და წიგნების მოვლა-პატრონობას.
4. ბიბლიოთეკარი აწარმოებს წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების გაცემასა და აცნობს სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალ გამოცემებს.
5. ბიბლიოთეკარი ასწავლის მოსწავლეებს ლექსიკონებისა და ცნობარების გამოყენებას, გარკვეული თემის მიხედვით საჭირო ლიტერატურის შერჩევას, წიგნებით სარგებლობასა და მათი დაცვის წესებს.
6. წიგნების პროპაგანდის მიზნით ბიბლიოთეკარი აწყობს წიგნების გამოფენას. ეწევა მასობრივ მუშაობას და აწყობს წიგნების ხმამაღალ კითხვას, ლექციებს, საუბრებს და მკითხველთა კონფერენციებს.
7. ბიბლიოთეკარი მატერიალურად პასუხს აგებს წიგნებისა ბიბლიოთეკის ქონების დაცვის საქმეში. მას სრულ წესრიგში მოჰყავს ბიბლიოთეკის მეურნეობა, ადგენს წიგნების კატალოგს.
8. წარუდგენს ადმინისტრაციას რეკომენდაციებს სხვადასხვა ლიტერატურის შეძენის თაობაზე.
მუხლი 18. სკოლის მასწავლებელი:
1. სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს პირი, რომლის პედაგოგიური განათლებაც დადასტურებული იქნება შესაბამისი პროფესიის აღმნიშვნელი საგანმანათლებლო სერთიფიკატით და არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
2. სკოლაში მასწავლებელი სამუშაოზე მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე ღია კონკურსის ან დანიშნვის წესით.
3. მასწავლებელი პირად მაგალითზე უნდა აჩვენებდეს მოსწავლეს რას ნიშნავს ქრისტიანული სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. მასწავლებლის მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და ღვთივსათნო გარემოს შესაქმნელად.
4. მასწავლებელმა სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება სამუშაოზე მიღების თაობაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) დიპლომი განათლების შესახებ (შესაბამისი სერთიფიკატების ასლი);
5. სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) შინაგანაწესი;
ბ) ამ დაწესებულებისათვის დამახასიათებელი სხვა საბუთები.
6. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) აკმაყოფილებდეს შესაბამის პედაგოგიურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) შეასრულოს სკოლის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები და დაიცვას შინაგანაწესი;
გ) დაიცვას მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;
დ) მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა კონფლიქტების გარკვევასა და დარეგულირებაში;
ე) იზრუნოს პროფესიული ცოდნის და ოსტატობის დონის ამაღლებისათვის;
ვ) მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება და იყოს პასუხისმგებელი პროფესიული საქმიანობის შედეგზე;
ზ) იზრუნოს შრომითი დისციპლინის დაცვაზე.
თ) მიიღოს მონაწილება პედაგოგთა შიდასასკოლო ატესტაციაში.
7. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;
ბ) დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს;
გ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის შინაგანაწესის, სკოლის განვითარების ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;
დ) დაიცვას საკუთარი პროფესიული პატივი და ღირსება;
ე) გაიაროს ატესტაცია, აიმაღლონ კვალიფიკაცია;
ვ) მოამზადოს საკლასო და საგიმნაზიო ღონისძიება;
ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სკოლის მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებით და გარანტიებით;
თ) საქველმოქმედო მიზნებისათვის დადგენილი წესით მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
ი) დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.
8. მასწავლებელი სკოლაში ცხადდება ჩასატარებელი გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე.
9. დაგვიანებისათვის ან საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისათვის ექვითება ხელფასი, ჩატარებული გაკვეთილები უნაზღაურდება შემცვლელ პედაგოგს.
10. გაკვეთილების მოსალოდნელი გაცდენის შემთხვევაში (ოჯახური პირობების შეცვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სხვა) ვალდებულია განცხადების საშუალებით შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას, რათა ერთად იზრუნონ არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
11. მასწავლებელი ვალდებულია ყოველი გაცდენილი საათის შესახებ წარმოადგინოს ადმინისტრაციის სახელზე ახსნა-განმარტებითი ბარათი. (ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საავადმყოფოს ფურცელი).
12. მასწავლებელს ეკრძალება გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლის გაგდება საკლასო ოთახიდან. მოსწავლის მხრიდან დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში იწერება მოხსენებითი ბარათი, რომელიც რეაგირებისათვის გადაეცემა სკოლის ადმინისტრაციას.
13. მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია შრომით კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის საფუძველზე.
14. სხვა შეზღუდვები და აკრძალვები, წახალისებები:
პედაგოგს ეკრძალება:
1. ყოველგვარი თვითნებობა:
ა) სასწავლო-სამუშაო პროცესის ჩაშლა;
ბ) სკოლაში ან სკოლის სახელით პოლიტიკური ხასიათის, ანტიმართლმადიდებლური, ქართული ტრადიციული ზნეობისთვის მიუღებელი განცხადებები;
გ) პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის დებატების მოწყობა სკოლაში ან მის
ფარგლებს გარეთ სკოლის სახელით;
დ) დირექციის ნებართვის გარეშე სკოლის ფარგლებს გარეთ სკოლის მოწყობის, მისი შინაგანაწესის, სკოლის ტაქტიკურ-სტრატეგიული, კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის გატანა.
2. მოსწავლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა, მისი ღირსების შელახვა.
3. სკოლის გაცდენა არასაპატიო მიზეზით;
4. სამუშაო დროის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება;
5. დასჯის მიზნით მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდება;
6. სკოლაში არსებული ჩაცმის ეტიკეტის (გამომწვევად ჩაცმა, შარვლით, დეკოლტეთი და მოკლე კაბით სიარული) დარღვევა.
7. დირექტორის ნებართვის გარეშე ნებისმიერი მიზეზით მოსწავლეებისა და მშობლებისგან ფულის შეკრება, საჩუქრების მიღება;
8. აღსაზრდელებთან ფამილარული ურთიერთობა;
9. გაკვეთილზე საღეჭი რეზინის ღეჭვა, მზესუმზირის ჭამა;
10. გაკვეთილზე შესვლა ჩართული მობილური ტელეფონით;
11. სკოლის შენობასა და მთელ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა.
ასევე: 1. პედაგოგს გაცდენის შემთხვევაში შეუძლია, დირექციის სახელზე დაწეროს ახსნა-განმართებითი ბარათი და ბიულეტენის საფუძველზე განიხილება მის მიერ საპატიოდ გაცდენილი საათების 50%-იანი ანაზღაურება;
2. დირექცია და პედაგოგი ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ერთმანეთისადმი მიყენებული ზარალი;
3. დირექცია ითვალისწინებს პედაგოგის მონაწილეობას სკოლის წარმატებაში და მის კეთილსინდისიერ საქმიანობას აღნიშნავს მორალური და მატერიალური წახალისების შემდეგი ფორმებით:
კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე გაგზავნა, ნომინირებული ტიტულის მინიჭება (წლის საუკეთესო პედაგოგი, საუკეთესო სულიერი ნაშრომის ავტორი, ყველაზე შემოქმედებითი (კრეატიული) და ა.შ.), სახელფასო დანამატი ერთჯერადად ან მთელი წლის განმავლობაში და ა. შ.
4. შემცვლელი პედაგოგი, რომელიც გაკვეთილს სხვის ნაცვლად ატარებს (გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად) მიიღებს ჩატარებული აკადემიური საათის ანაზღაურების ნახევარს;
5. ხელფასის დანიშვნა მოხდება შემდეგნაირად: სასწავლო წლის დასაწყისში დაითვლება მიმდინარე სასწავლო წელიწადში პედაგოგის მიერ ჩასატარებელი საათები და მორიგეობები, მოხდება სასწავლო წლის განმავლობაში ასაღები თანხის დაანგარიშება, ჯამი გაიყოფა თორმეტზე და მიღებული თანხა იქნება პედაგოგის ყოველთვიური ხელფასი, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, ივნისის თვეში, მოხდება წლის განმავლობაში დაგროვილი ცდომილებების (საპატიოდ და არასაპატიოდ გაცდენილი და სხვის ნაცვლად ჩატარებული საათები და მორიგეობები) კორექცია და პედაგოგს თანხა შესაბამისად დაემატება ან გამოაკლდება;

მუხლი 19. სკოლის ექიმი/ექთანი:
1. სკოლის ექიმს/ექთანს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
2. სკოლის ექიმი/ექთანი ადგენს სამუშაო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
3. სკოლის ექიმი/ექთანი მეთვალყურეობას უწევს სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. აწესებს კონტროლს მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე. ამზადებს და ატარებს ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
4. იცავს სკოლის სანიტარული ჰიგიენის რეჟიმს. მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა შორის, ატარებს სანიტარულ-საგანმათლებლო მუშაობას.
5. სკოლის ექიმი/ექთანი გეგმის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აცნობებს მშობლებს, მოახსენებს პედაგოგიურ საბჭოს და ატარებს საჭირო გამაჯანსაღებელ ღონისძიებას.
6. სკოლის ხელმძღვანელებთან/აღმზრდელებთან ფიზკულტურის მასწავლებლებთან ერთად აწარმოებს მოსწავლეთა განაწილებას ჯგუფებად ფიზკულტურული მეცადინეობისათვის. ცალკე გამოყოფს იმ ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალისტების კონსულტაცია და მათთან ერთად უნიშნავს მკურნალობას და უწევს ხელმძღვანელობას.
7. მოსწავლეებს უწევს საჭირო პირველ დახმარებას.
8. სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს სანიტარული რეჟიმის დაცვას საკლასო ოთახებში, სასწავლო კაბინეტებში, ბუფეტში, სკოლის შენობაში და სხვა.
9. ეხმარება კლასის ხელმძღვანელს/აღმზრდელს მოსწავლის დღის რეჟიმის შედგენაში და საკლასო მერხებზე მოსწავლეთა დასმის ორგანიზებაში.
10. ავადმყოფობის შემთხვევაში მოსწავლის კლასის ხელმძღვანელთან/აღმზრდელთან შეთანხმებით ათავისუფლებს საგაკვეთილო პროცესიდან.
11. ახდენს წვევამდელი ბავშვების სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დაყენებას და აგვარებს დოკუმენტაციას.
მუხლი 20. სათადარიგო (ჩამნაცვლებელი) მასწავლებელი:
სათადარიგო მასწავლებელს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილის წარდგინებით.
სათადარიგო მასწავლებელი ვალდებულია შეცვალოს ძირითადი მასწავლებელი მისი არყოფნის დროს.
მუხლი 21. დამლაგებელი:
დამლაგებელს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურნეო ნაწილის გამგის წარდგინებით.
დამლაგებელი მოვალეა უზრუნველყოს სკოლაში სანიტარული მდგომარეობა.
მუხლი 22. მომსახურების საფასური:
1. სკოლის საგანმანათლებლო მომსახურება ფასიანია და განისაზღვრება 25 (ოცდახუთი) ლარით სამივე საფეხურზე;
2. გადასახადი დაწესებულია ოჯახზე მიუხედავად იმისა, რამდენი შვილი სწავლობს სკოლაში. მშობელი ვალდებულია, სწავლის საფასური გადაიხადოს ყოველი თვის 15 (თხუთმეტ) რიცხვამდე;
მუხლი 23. მოსწავლის მშობელთან (კანონისმიერ წარმომადგენელთან) სკოლის ურთიერთობას არეგულირებს ხელშეკრულება:
1. მშობელი (კანონისმიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:
ა) შეიძინოს სწავლისთვის აუცილებელი სახელმძღვანელოები და მოსწავლისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები;
ბ) დაესწროს მშობელთა კრებებს, დროულად გამოცხადდეს სკოლაში დაბარებისას;
გ) ითანამშრომლოს კლასის აღმზრდელთან და სკოლის მოძღვართან.
2. დაუშვებელია მშობლის (კანონისმიერი წარმომადგენლის) მიერ სკოლისა და მისი თანამშრომლების აუგად მოხსენიება ბავშვის თანდასწრებით.
3. დაუშვებელია მშობელთა (კანონისმიერ წარმომადგენელთა) პედაგოგთა და ზოგადად უფროსთა მხრივ მოსწავლის უწესო საქციელზე არსებითად განსხვავებული მსჯავრის გამოტანა. ამიტომ საჭიროა უფროსებმა წინასწარ შეათანხმონ აღმზრდელობითი ღონისძიებები.
4. მშობელი (კანონისმიერი წარმომადგენელი) უნდა ცდილობდეს არ დაუშვას ბავშვზე ისეთი გარემოს ზემოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ-ზნეობრივ ფასეულობებს და სკოლის ძირეულ სულისკვეთებას (ასაკისათვის შეუფერებელი ფილმების ყურება, ზნეობისათვის საზიანო ჟურნალ-გაზეთების თვალიერება, ცუდ გარემოცვაში ყოფნა და ა.შ.).
5. მოსწავლის მიერ სკოლაში რაიმე დაზიანების შემთხვევაში მშობელი (კანონისმიერი წარმომადგენელი) ვალდებულია საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული ნივთი ან შეიძინოს ახალი.
6. სასწავლო საათებში დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე მშობელთა (კანონისმიერ წარმომადგენელთა) უსაქმოდ გაჩერება, ხმამაღალი საუბარი, თამბაქოს მოწევა.
7. მასწავლებლის მიმართ მშობლის (კანონისმიერი წარმომადგენლის) შენიშვნები და საჩივრები წერილობით უნდა მოხსენდეს დირექტორს, რომელიც განიხილავს მათ დირექციის სხდომაზე.
8. მშობელს (კანონისმიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს მოითხოვოს სკოლის შინაგანაწესი, დებულება, დაფუძნების აქტი და გაეცნოს მათ.
9. მოსწავლის მშობელთან (კანონისმიერ წარმომადგენელთან) ხელშეკრულება წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლის სკოლაში ყოფნა სახიფათო ან საზიანოა გარშემომყოფთათვის;
ბ) მისი მოქმედება ღირსებას ულახავს სკოლას და არღვევს სასწავლო პროცესის მთლიანობას;
გ) იგი უგულვებელყოფს ქრისტიანული ცხოვრებისა და ქცევის ელემენტარულ ნორმებს;

მუხლი 24.სკოლის მოსწავლე:
მოსწავლის უფლება-მოვალებანი:
1. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება;
ბ) აირჩიოს განათლების მიღების ფორმები;
გ) ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით;
დ) ნებაყოფლობით ჩაერთოს შრომაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით;
ე) ნებაყოფლობით დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმით;
ვ) ჰქონდეს სწავლებისათვის შესაბამისი გარემო;
ზ) დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) გამოთქვას საკუთარი აზრი;
კ) დისციპლინარული დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.
2. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;
ბ) მზრუნველად მოექცენ სკოლის ქონებას;
გ) პატივი სცენ სკოლის სხვა მოსწავლეებსა და მუშაკების პიროვნულ ღირსებებს;
დ) შეასრულონ სკოლის მუშაკთა მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წესდებითა და შინაგანაწესით;
ე) დაიცვან წესრიგი და სისუფთავე, გაუფრთხილდნენ სახელმძღვანელოებს, ინვენტარს;
ვ) ესწრებოდეს ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებსა და სხვა სააღმზრდელო ღონისძიებებს. დროულად და ხარისხიანად ასრულებდეს პედაგოგების მიერ მიცემულ დავალებებს, არ იგვიანებდეს გაკვეთილებზე;
ზ) თავისი ქცევით, სიტყვა-პასუხით და გარეგნული იერით არ შელახოს სკოლის სახელი, ყველგან და ყოველთვის იცავდეს სკოლის ღირსებას;
თ) გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარსა და კარ-მიდამოს, დაიცვას წესრიგი და
სისუფთავე;
ი) ყოველი გაკვეთილისთვის იქონიოს საჭირო სასწავლო ნივთები;
კ) სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები შეისწავლოს არანაკლებ სტანდარტით დადგენილ ფარგლებში.
ლ) ფორმის დაწესების შემდეგ გაკვეთილებზე გამოცხადდნენ სასკოლო ფორმით.
3. მოსწავლეებს ეკრძალებათ:
ა) სკოლაში მიიტანონ და გამოიყენონ იარაღი, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ნებისმიერი სახის საშუალებები და ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიოს აფეთქება, ხმაური ან ხანძარი;
ბ) საგაკვეთილო პროცესში ისარგებლონ მობილური ტელეფონით;
გ) ჩაიდინონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის საშიში შედეგები;
დ) გაკვეთილის პროცესში თვითნებური გადაადგილება, გადალაპარაკება, წამოძახება, ე) კარნახი და სხვა საქმეების კეთება;
ვ) ერთმანეთის დაცინვა, დაჩაგვრა, უხამსი სიტყვების გამოყენება;
ზ) სკოლაში არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლა.
4. მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი წერს მოხსენებით ბარათს და წარადგენს ადმინისტრაციაში.

მუხლი 25. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და კლასში მიღების წესები:
1. I-IV კლასის აღმზრდელები/კლასის ხელმძღვანელები სასწავლო წლის ბოლოს ადგენენ თითოეული მოსწავლის პედაგოგიურ დახასიათებას და მასწავლებლები – შეფასებას საგნების მიხედვით, რის საფუძველზეც მოსწავლე გადადის მომდევნო კლასში.
2. V-IX კლასებიდან შემდეგ კლასებში გადაჰყავთ ის მოსწავლეები, რომელთა საერთო წლიური შეფასება არის არანაკლებ სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ქულისა.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლეთა განთავისუფლება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებიდან არ ახდენს გავლენას შემდეგ კლასში მათ გადაყვანასა და გამოშვებაზე.
4. V-XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, დატოვებული იქნებიან იმავე კლასში.
5. საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით.
6. მოსწავლეები ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო გამოცდებიდან არ თავისუფლდებიან.
7. გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით.
8. გამოცდები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით, რომელიც გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გამოიკვრება მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთათვის გასაცნობად.
9. მოსწავლეებს ეკრძალებათ გამოცდებზე რვეულების, სახელმძღვანელოების, სასწავლო და საცნობარო მასალების გამოყენება.
10. საგამოცდო ნამუშევრები ინახება სკოლის დირექტორთან. მასწავლებელი მას ასწორებს სკოლაში საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად.
11. გამოცდაზე გარეშე პირთა დაშვება აკრძალულია.

მუხლი 26. მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვის საკითხის დაყენების წინაპირობები:
1. სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის სკოლის ადმინისტრაცია მიმართავს სასჯელის უკიდურეს ზომას – განიხილება სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის საკითხი.
1. მოსწავლე სკოლიდან ირიცხება:
ა) სკოლის შენობისა და სკოლის ტერიტორიაზე იარაღის, თამბაქოს ნაწარმის, ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის, გავრცელების შემთხვევაში;
ბ) ისეთი საშუალებებისა და ნივთიერებების შემოტანის შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ მოწამვლას, აფეთქებას, ხანძარს, ხმაურს;
გ) თუ ჩაიდენს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის საშიში შედეგი;
დ) როდესაც მასზე დაიწერება მინიმუმ სამი მოხსენებითი ბარათი წლის განმავლობაში და ტენდენცია შესაბამისობისა ზოგად სასკოლო ცხოვრებასთან (მოსწავლის ქცევისა და სწავლისა) მაინც არ იკვეთება;
ე) თუ მიაყენებს მოსწავლეს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას;
ვ) სასკოლო დოკუმენტაციის დაზიანება – განადგურებისათვის;
ზ) გაკვეთილების ორგანიზებულად (ჯგუფურად) მიტოვებისათვის;
თ) როდესაც სისტემატურად არღვევს სკოლის შინაგანაწესს;
ი) როდესაც კლასში რამდენჯერმე (ორჯერ) დარჩება და არ შეესაბამება განათლების სამინისტროს წესებით დადგენილ ასაკს.
მუხლი 27. მოსწავლის წახალისების წესი:
წარმატებული მოსწავლე, რომლის კრიტერიუმებია მაღალი რეიტინგი საგნობრივ პროგრამებში, სემესტრულ და წლიურ შეფასებებში, ტესტებისა და გამოცდების მაღალი ქულები (9/10), წარმატებული მონაწილეობა ეროვნულ ოლიმპიადებში და ტურებში და სხვა.
ნებისმიერი სახის პოზიტიური ტენდენცია მოსწავლის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში შეიძლება აღინიშნოს წახალისების შემდეგი ფორმით: სიგელი, მადლობის ფურცელი, საჩუქარი, ფულადი ჯილდო ერთჯერადად ან სტიპენდიის სახით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, გათავისუფლება სკოლის გადასახადისაგან, უფასოდ სარგებლობა სკოლის სხვადასხვა ფასიანი მომსახურებით, მოლოცვით მოგზაურობაში წაყვანა, გაგზავნა სასწავლო ბანაკში ან (სურვილის მიხედვით) რეკომენდირება მონასტრის სასტუმრო საცხოვრებელში კონკრეტული ვადით – 3 (სამი) ან 6 (დღე).
მუხლი 28. სააღდგომო და საშობაო ფესტივალებში მონაწილეობა:
სააღდგომო და საშობაო ფესტივალებში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფები, რომელთა ნამუშევარიც შეირჩევა ღია კონკურსის წესით. წარმატებული ჯგუფი და წარმატებული მასწავლებელი წახალისდება ფულადი ჯილდოთი, ნომინირებული ტიტულით ან მოლოცვით მოგზაურობაში გაგზავნით.