Home » სასკოლო კათედრის დებულება

სასკოლო კათედრის დებულება

                                                                                                       თავი I

                                                                                               ზოგადი ნაწილი

1.1.      სასკოლო კათედრა (შემდგომ _ კათედრა) არის სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფი _ ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის მასწავლებელთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ეწევა სასწავლო-აღმზრდელობით, მეთოდოლოგიურ და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლებს შორის;

1.2.      კათედრა წარმართავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში სავალდებულო და არჩევითი საგნების სწავლებას, გეგმავს და ახორციელებს კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობას;

1.3.      კათედრა იქმნება არანაკლებ 3 პედაგოგისგან _ კათედრის წევრისაგან, პედსაბჭოს რეკომენდაციით;

1.4.      კათედრაზე გაერთიანებულია ერთი ან რამოდენიმე მონათესავე საგნის ყველა მასწავლებელი, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებელი სათათბირო ხმის უფლებით;

1.5.      სკოლაში, საგნების დაჯგუფების მთავარი პრინციპის მიხედვით ფუნქციონირებს: დაწყებითი კლასებუს სწავლების, მათემატიკის, ქართული ენა და ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების, უცხო ენების, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა;

1.6.      შესაძლებელია ახალი კათედრის/კათედრების შექმნა სასკოლო სწავლების ორგანიზაციის პრინციპების მიხედვით;

1.7.      კათედრას აქვს თავისი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია მოქმედი სახელმძღვანელოების რამოდენიმე ეგზემპლარი, მეთოდური ლიტერატურა, საცნობარო და პერიოდული გამოცემები, ასევე აუდიოვიზუალური მასალების ფონდი, ვიდეოთეკა და კომპიუტერული ტექნიკა ინტერნეტის ქსელით.

თავი II

მიზნები და ამოცანები

2.1.      საგნობრივი კათედრების ძირითადი მიზანია ხელი შეუწყონ სკოლაში სწავლება/სწავლისა და აღზრდის ხარისხის ამაღლებას; აგრეთვე, სკოლის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისა და ცალკეული სასწავლო საგნის სწავლებისადმი წაყენებული მოთხოვნების განხორციელებას;

2.2.    საგნობრივი კათედრის ძირითადი ამოცანებია:

  • სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარება;
  • მმართველობითი და შინაარსობრივი (თეორიული და პრაქტიკული) სამუშაოების ჩასატარებლად ახალი მეთოდების მოძიება და მათი გამოყენების მექანიზმების შემუშავება;
  • სწავლების ტრადიციული და თანამედროვე ინოვაციური მეთოდების ურთიერთშერწყმის გზების ძიება, სწავლების მეთოდების სრულყოფაზე ზრუნვა;
  • საუკეთესო მასწავლებლების მუშაობის გამოცდილების შესწავლა და განზოგადება; დამწყები პედაგოგებისათვის დახმარების გაწევა პედაგოგიური დახელოვნების მიზნით;
  • პედაგოგებისათვის მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გაცნობა, შემოქმედებითი მუშაობისა და თვითგანვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;
  • პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა, მათი პროფესიული სრულყოფის გეგმის შემუშავება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებში სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შექმნა;
  • სასწავლო პროცესში თვალსაჩინოებებისა და სწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენების მეთოდების შემუშავება;
  • ალტერნატიული სახელმძღვანელოების, დამხმარე სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო-ვიზუალური მასალების განხილვა, შეფასება და შერჩევა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ორგანიზება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებული განათლების ორგანიზაცია, სკოლის სასწავლო გეგმისათვის დამატებითი სავალდებულო და არასავალდებულო საგნებისათვის სასწავლო პროგრამების დამუშავება;
  • მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება-შეფასება და შედეგების ანალიზი;
  • მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების დადგენა და ამის საფუძველზე მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვა და წარმართვა;
  • მოზარდთა შემოქმედებითი საქმიანობისათვის, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
  • ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფისათვის პედაგოგიური ხელშემწყობი პირობების შექმნა.

თავი III

კათედრის შეკრების სიხშირე, განრიგი

3.1.      კათედრის სხდომა ტარდება რეგულარურად ორ თვეში ერთხელ მაინც. პირველი სხდომა იმართება სასწავლო წლის დასაწყისში. სხდომა აუცილებლად იმართება აგრეთვე სემესტრის ბოლოს და სასწავლო წლის ბოლოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სხდომების მოწვევაც.

3.2.      კათედრის სხდომების განრიგი და დღის წერიგი დგება წინასწარ.

3.3.      კათედრაზე უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სამუშაო გეგმა;
  • სხდომის ოქმები;
  • საკონტროლო სამუშაოების ჩატარების განრიგი და გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკები ან სხვა ღონისძიებების ჩატარების განრიგი;
  • სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციის სამოდელო ეგზემპლარები;
  • ტესტების ნიმუშები;
  • გაწეული მუშაობის როგორც სემესტრული, ასევე წლიური ანგარიშები.

თავი IV

ანგარიშვალდებულება

კათედრა ანგარიშვალდებულია სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელისა და პედსაბჭოს წინაშე. კათედრის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კათედრის წევრების წინაშე.

თავი V

კათედრის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციები

5.1.      კათედრას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ კათედრის წევრები ერთი/ორი სასწავლო წლის ვადით;

5.2.      კათედრის თავმჯდომარეს ევალება:

  • კათედრის მუშაობის ორგანიზება და მართვა;
  • ცალკეული საგნისა თუ საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების პროცესის კოორდინაცია;
  • სამუშაო გეგმის შედგენა კათედრის წევრების მიერ შემოთავაზებული საკითხების გათვალისწინებით;
  • სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
  • კათედრის წევრების მუშაობის შესწავლა, მათ მიერ ჩატარებული მეცადინეობების ხარისხის კონტროლი, გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების ორგანიზაცია;
  • მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების სისტემატური შემოწმება და შემოწმების შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა;
  • კათედრის მუშაობის აღრიცხვის წარმოება და კათედრის წევრებისათვის გაცნობა;
  • კათედრის სხდომების წარმართვა და კათედრის ყველა წევრის მონაწილეობის უზრუნველყოფა, რეგლამენტის დაცვა;
  • წლიურუ ანგარიშის წარდგენა პედსაბჭოსა და სასწავლო პროცესის ხელმზღვანელისადმი;
  • კათედრის მუშაობის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება თავმჯდომარის მითითებათა მიხედვით.

5.6.      კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები:

  • კათედრის ყველა წევრს უფლება აქვს კათედრაზე განსახილველად შეიტანოს სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის გასაუმჯობესებელი რეკომენდაციები. აგრეთვე მის პირად საჭიროებებთან, მუშაობის პირობებთან და შედეგებთან, მის საკარიერო და პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული სხვა წინადადებები;
  • კათედრის წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ კათედრის ყველა დოკუმენტაციას და დროულად მიიღონ მათი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა მასალა;
  • კათედრის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კათედრის სხდომებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა მის მუშაობაში, შეასრულონ კათედრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და კათედრის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.

თავი VI

კათედრის ფუნქციები

6.1.      კათედრის მუშაობის შინაარსის შეესაბამება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას, სკოლის წესდებასა და შინაგანაწესში გაცხადებულ პრინციპებს.

6.2.      კათედრის მუშაობა მოიცავდეს/ითვალისწინებს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით:

  • სასწავლო დაწესებულების წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, მიმდინარე საკითხების განხილვა;
  • საზღვარგარეთის გამოცდილების შესწავლა;
  • სხვა საჯარო სკოლების გამოცდილების შესწავლა;
  • მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება;
  • მოსწავლეთა სამეცნიერო კლუბებისა და შემოქმედებითი გაერთიანებების შექმნაში დახმარება;
  • მოსწავლეთა წახალისების ფორმების შექმნა ან/და პრიზების დაწესება;
  • სილაბუსებისა და /და კურიკულუმების დროულად შედგენა;
  • კონსტრუქციული თანამშრომლობა კოლეგებთან, მაგალითად ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და გამოცდილების გაზიარება;
  • რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ;
  • სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი და შეფასება შესაბამის საგანში/საგანთა ჯგუფში;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების დაგეგმვა მასწავლებლებისათვის და ინოვაციების დანერგვის მონიტორინგი;
  • სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების შეფასების ფორმებზე და ხერხებზე მუშაობა, შეფასების კრიტერიუმების დადგენა, მონაწილეობა სკოლის თვითშეფასებაში;
  • კათედრის ბიბლიოთეკის გამდიდრება, წიგნებისა და მეთოდური მასალების ხელმისაწვდომობა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის;
  • სასწავლო წლის შუაში და ბოლოს მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენა, კონცერტი, სპექტაკლი, სპორტული ღონისძიება და სხვ.);
  • სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და განმავითარებელი ღონისძიებების მოწყობა პედაგოგებისთვის (კონკურსი, კონფერენცია, სემინარი);
  • მასწავლებლობის მაძიებლის და პრაქტიკანტის მიმაგრება გამოცდილ პედაგოგთან და მათი პროფესიული ზრდის მონიტორინგი.

თავი VII

კათედრის სხდომები

სხდომის პროცედურა და სხდომის ოქმის წარმოება

7.1.      კათედრის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს კათედრის სხდომებს;

7.2.      კათედრის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კათედრის წევრ პედაგოგთა ორი მესამედი მაინც.

7.3.      კათედრის სხდომები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. საჭიროების შემთხვევაში კათედრა უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს სკოლის მმართველობითი რგოლის ნებისმიერი წარმომადგენელი;

7.4.      პირველ სხდომაზე კათედრა ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. თავმჯდომარეობის კანდიდატები უფლებამოსილნი არიან კათედრას წარუდგინონ თავიანთი პროგრამა. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ მეორედ აირჩევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა წევრი ერთხელ მაინც იყო თავმჯდომარე;

7.5.      კათედრა გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. თავმჯდომარე ყოველ საკითხზე ბოლო გამოთქვამს აზრს;

7.6.      კათედრის სხდომის დანიშვნამდე მინიმუმ სამი დღით ადრე, საბჭოს თავმჯდომარე სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით წერილობით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით ატყობინებს კათედრის თითოეულ წევრს სხდომის შესახებ და შეტყობინებას დაურთავს სხდომის დღის წესრიგს. გამონაკლისი ამ წესიდან დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ კათედრის თავმჯდომარე სასწრაფოდ მიიჩნევს კონკრეტული საკითხების განხილვას.

7.7.      კათედრა უზრუნველყოფს სხდომის დღის წესრიგის, ხელმოწერილი ოქმისა და სხდომასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების (გარდა კონფიდენციალური დოკუმენტებისა ან დოკუმენტებისა, რომელშიც მოხსენიებულია კონკრეტული მოსწავლე ან სკოლის თანამშრომელი) საჯაროობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. იგივე წესი ეხება კათედრის მიერ შექმნილი ნებისმიერი სამუშაო ჯგუფის/კომისიის სხდომის ოქმებს.

7.8.      კომისიის სხდომის ოქმები ისევე ინახება, როგორც კათედრის სხდომის ოქმები.